ქართველი პოლიტიკოსები სოციალურ ქსელებზე

socialitical-logo-final
2014 წლის 15 ივნისს, თბილისში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები გაიმართება. სხვადასხვა უბნის მაჟორიტარები და მერობის კანდიდატები, საარჩევნო კამპანიის პერიოდში, თბილისის უბნებში მოსახლეობას პირადად ხვდებიან, ისმენენ მათ მოსაზრებებს და აცნობენ თავის სამომავლო გეგმებს.

თუმცა, აშკარაა ის ფაქტი, რომ მსგავსს ყრილობებზე ახალგაზრდების უმრავლესობა არ დადის. რა არის ამის მიზეზი? ის, რომ ახალგაზრდა თაობას არ აინტერესებს თბილისის მომავალი თუ არსებობს ალტერნატიული გზა, კანდიდატების სამომავლო გეგმების გასაცნობად და მათთან უშუალო ინტერაქციისთვის?

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ, 2012 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობის 46% ყოველდღიურად მოიხმარს ინტერნეტს. დღეს სოციალური სივრცე ინფორმაციის მოპოვების წყარო გახდა და შესაბამისად, პოლიტიკური მოღვაწეები ყველანაირად ცდილობენ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ მოქალაქეებს მათი აქტივობების შესახებ.

ორი მთავარი დაპირისპირებული პოლიტიკური გაერთიანების, ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების, მერობის კანდიდატების გამოცხადებითანავე, შეიქმნა Facebook-ის გვერდები, სადაც თითქმის საათში ერთხელ იდება ახალი ინფორმაცია. “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს, დავით ნარმანიას 23,526 მოწონება აქვს, ხოლო მის ოპონენტს, ნიკა მელიას -17,902.

რამდენად სანდოა Facebook-ის like-ები და ნიშნავს თუ არა ეს საბოლოო გამარჯვებას, ამას 2014 წლის 15 ივნისს გავარკვევთ. “ფეისბუკის” ოფიციალური გვერდები შექმნეს მერობის კანდიდატებმა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიებიდან: “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” კანდიდატის, დიმიტრი ლორთქიფანიძის “ფეისბუკის” გვერდს 5,017 “დამლაიქებელი” ჰყავს. “ქართული ოცნების” კანდიდატზე მეტი მომწონი ჰყავს “თავისუფალი საქართველოს” ლიდერს,კახა კუკავას – 27,809.

გასაკვირი არ არის, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ისეთივე პოპულარობით არ სარგებლობენ, როგორც პრეზიდენტი თუ პრემიერ მინისტრი. თუმცა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი სოციალურ ქსელებს ნაკლებად იყენებენ ან მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებს ამჯობინებენ. ნაციონალური მოძრაობის, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა კანიდატმა, დავით დაღელაშვილმა ინტერვიუში თქვა, რომ სოციალური ქსელების გამოყენება აუცილებელია იმისთვის, რომ ხალხთან ჰქონდეს უშუალო კონტაქტი, მოისმინოს მათი გულის ტკივილი და დახმარება გაუწიოს მათ.

“Facebook-ს უფრო კარგად ვიყენებ, ვიდრე სხვა რომელიმე სოციალურ ქსელს, რადგან აქ უფრო მეტია ქართველი მოსახლეობა და მათთვის უფრო ადვილად ხელმისაწვდომი ვარ. ხშირად მწერენ თავიანთ გასაჭირს თბილისის მოქალაქეები და მე ყველანაირად შევეცდები დავეხმარო მათ.”- განაცხადა მან.

კოალიცია “ქართული ოცნების” საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დავით ზურაბიშვილი, სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, აშკარად გამოირჩევა სოციალურ ქსელში აქტიურობით. მას თავის პირად გვერდზე, 5000-მდე მეგობარი და 8000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს, ხოლო მის წინასაარჩევოდ შექმნილ გვერდს 884 მოწონება აქვს. როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, 2009 წლიდან აქტიურად მოიხმარს სოციალურ ქსელებს. მისი თქმით, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებს საეთერო დროს არ უთმობდნენ, Facebook-ი იყო ერთადერთი გზა ხალხთან ურთიერთობისთვის.

საქართველოში Twitter-ი ვერ გახდა პოპულარული. თუკი Facebook-ს ქვეყნის მასშტაბით 1 მილიონ 60 ათასი მომხმარებელი ჰყავს, Twitter-ის მომხმარებელთა რიცხვი საგრძნობლად დაბალია. აქედად გამომდინარე, ვერც ქართველი პოლიტიკოსებმა შეძლეს Twitter-ის დაბყრობა, საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს Twitter-ზე 817 მიმდევარი ჰყავს და ნაკლებად იყენებს ამ სოციალურ ქსელს, განსხვავებით წინა პრეზიდენტისგან. ქართველი პოლიტიკოსებიდან Twitter-ზე მიმდევრების რაოდენობით, საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიდერობს 23,900 ადამიანით.

საქართველოსგან განსხვავებით, უცხოეთში ასეთი მკვეთრი განხვავება არ შეინიშნება Facebook-ისა და Twitter-ის მოხმარებას შორის. პირიქით, პოლიტიკოსები საკმაოდ ეფექტურად იყენებენ Twitter-ს, რადგან ის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფრო ეფექტურ მოდელს გვთავაზობს.

სოციალური ქსელების ასე ფართოდ გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიისთვის, პირველად 2008 წელს დაიწყო, მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბარაკ ობამამ ხალხთან უშუალო ურთიერთობისთვის სოციალური ქსელები გამოიყენა. რა თქმა უნდა, ამერიკაში ეს ძალიან გამართლებული აღმოჩნდა, ქვეყნის სიდიდისა და მოსახლეობის რაოდენობის გამო; ფიზიკურად შეუძლებელია შეხვდე ყველა მოქალაქეს და გაესაუბრო მათ. ამიტომ, ამ მეთოდმა გაამართლა და მისი facebook-ის გვერდს დღეს 40 მილიონზე მეტი მოწონება აქვს, ხოლო twitter-ზე – 43 მილიონი მიმდევარი.

This entry was posted in საინტერესო, სიახლეები, სოციალური ქსელები, Uncategorized and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი